უკრაინა, რუსი სამხედროების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურების 100-ზე მეტ შემთხვევას იძიებს - იგორ კოსტინი

უკრაინა, რუსი სამხედროების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურების 100-ზე მეტ შემთხვევას იძიებს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იგორ კოსტინმა Interfax-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის 100-ზე მეტი შემთხვევის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, სადაც გვაქვს დაზარალებულთა ჩვენებები“, - განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორი. 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება ისე მიმდინარეობს, რომ დაზარალებულებმა განმეორებითი ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღონ. მისი თქმით, არსებობს ასეთი გამოძიების მთელი სტრატეგია, რომელიც შემუშავებულია გაეროსთან ერთად და, პირველ რიგში, მსხვერპლის ინტერესებზეა მიმარრთული.

კოსტინმა დასძინა, რომ დეპარტამენტი ასევე დაზარალებულებს მატერიალურად ეხმარებათ.

„ანუ ეს არის სრულფასოვანი დახმარება და მეურვეობა და არა მხოლოდ მტკიცებულებების მოპოვება“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.