ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას, ნავალნისა და მისი მხარდამჭერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ბორელის თქმით,- „მოსკოვში დაბრუნებისას პირდაპირ ეთერში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გუშინ ევროკავშირის სახელით გამოვაქვეყნე მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ვგმობთ ბატონი ნავალნის დაკავებას და მას მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ"
ჯოზეფ ბორელის თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხი განხილული იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, რომელიც მომავალ კვირაშია დაგეგმილი.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლის გამოძიებისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ.
ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, სადაც ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.