რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. ამის მოტივად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, მიღებული გარანტიები დაასახელა.
რუსეთმა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობა 29 ოქტომბერს შეაჩერა. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობდა, რაშიც უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებდა. კიევს თავდასხმაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
- რატომ დატოვა რუსეთმა 29 ოქტომბერს მარცვლეულის შეთანხმება და რატომ განაახლა მონაწილეობა 2 ნოემბერს?
Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს, თავისი მოტივები აქვს და ამ საკითხს ეკონომიკურის გარდა, თან სდევს პოლიტიკური კონტექსტიც.
„რუსეთი ცდილობდა და ცდილობს, რომ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების სანაცვლოდ, მსოფლიო ბაზარზე რუსული ხორბლის გატანაზე დივიდენდები მიიღოს“, - ამბობს სილაგავა.
ამასთან, მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოიკვეთა, რომ რუსეთს მარცვლეულის დერეფნის დაბლოკვა არ შეუძლია.
„თურქეთმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ რუსეთის გარეშე გამოიტანდა ხორბალს უკრაინიდან. ასეც მოხდა და პირველ ნოემბერს უკრაინის პორტი, მარცვლეულით დატვირთულმა 4-მა გემმა დატოვა ისე, რომ რუსეთს ეს ფაქტი მხოლოდ შეატყობინეს, რაზეც მკვეთრი რეაგირება ვერ მოახდინა.
თუ რუსეთი ამ გემებს, სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევდა, ფაქტობრივად, NATO-სთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში შევიდოდა. რუსეთის ქმედება იყო გარკვეულწილად „ნერვების ომი“, ვითარება აჩვენებს, რომ პუტინმა გარკვეულწილად დათმო“, - აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, აქ გამოჩნდა, რომ „მარცვლეულის დერეფნის კონტროლისას, სამხედრო თვალსაზრისით თურქეთი უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთი. აქედან გამომდინარე, გუშინვე იყო მინიშნება, რომ რუსეთი დაუბრუნდებოდა მარცვლეულის შეთანხმებას“.
რაც შეეხება მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მოტივს „გარანტების მიღებაზე“, სილაგავა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ „დიპლომატიური განცხადება გააკეთა, რადგან მიხვდნენ, რომ ამ ვითარებაში ვერაფერს ცვლიან და მარცვლეულის დერეფანი მაინც იმუშავებს“.
- რუსეთის განცხადების შემდეგ, რა პროცესებია მოსალოდნელი მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე
Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარსა და მარცვლეულის ბირჟებზე ხორბალსა და მარცვლეულზე ფასების შემცირებაა მოსალოდნელი.
31 ოქტომბერს, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლაზე რუსეთის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელზე თითქმის $9 გაუტოლდა.
ამასთან, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.
„თუ ფასების ზრდა შენარჩუნდა, ეს გლობალურ ინფლაციის გაძლიერებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შიმშილის პრობლემებს გაამწვავებს“, - პროგნოზირებდნენ ანალიტიკოსები.
ამასთან ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთი მანიპულირებდა, როცა მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებდა, რადგან იცოდა, რომ მსოფლიო ბაზრებზე ეს საფასო რყევას გამოიწვევდა, რითაც დამატებითი დივიდენდების მიღება სურდა. რუსეთის განცხადებამდე, მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე, ფასები სტაბილური იყო.
„ამ გადაწყვეტილებამდე, რუსეთმა ხორბალსა და ფქვილზე მცურავი ბაჟი რამდენჯერმე გაზარდა, თუმცა ამან მსოფლიო ბაზარზე გავლენა ვერ მოახდინა. ვფიქრობ, რუსეთმა ეს რისკების გადასაზღვევად გააკეთა, რადგან მისი ქმედება, წინ უსწრებდა განცხადებას მარცვლეულის შეთანხმების დატოვებაზე“, - აღნიშნა სილაგავამ.
მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟებზე ფასების დასტაბილურება, იმის წინაპირობაა, რომ საქართველოსთვის რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი არ გაძვირდება.
„თუ ხორბლის დერეფანი გაჩერდებოდა, საქართველოს და იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთისგან ფქვილსა და ხორბალს ყიდულობს, ეს პროდუქტები ავტომატურად გაუძვირდებოდა“, - აცხადებს სილაგავა.
ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია.
- რა სურდა რუსეთს?
ხორბლის დერეფანი, სტამბულის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, 2022 წლის 22 ივნისს 120 დღით ამუშავდა და შეთანხმების მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურება.
შესაბამისად, ყველა მხარე, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა და გაერო მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასა და მარცვლეულის დერეფნის მუშაობაზე თავიდან უნდა შეთანხმდნენ.
ლევან სილაგავას განმარტებით, მარცვლეულის შეთანხმებას, თან ახლავს გაეროსა და რუსეთს შორის დადებული მემორანდუმი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, რუსული ხორბალზე შეუფერხებელ წვდომას განსაზღვრავს.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას ამ მემორანდუმის გადახედვა სურს, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ არსებული ჩანაწერი ბუნდოვანია. მემორანდუმის თანახმად, მსოფლიო ბაზრებზე რუსულ ხორბალზე წვდომა შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს.
სილაგავა განმარტავს, რომ მსოფლიო ბაზრებზე, რუსულ ხორბალზე წვდომა მაინც შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი სანქცირებული არ არის.
„რუსულ მხარეს ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა, რადგან ევროპის პორტებში რუსული გემების შესვლა სანქცირებულია. რუსეთი იძულებულია, ხორბალი ექსპორტზე უცხოური გემებით გაიტანოს. აქ კი შემაფერხებელია ის, რომ ყველა გემთმფლობელი ერიდება რუსული ტვირთის გადატანას, რადგან შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესდეთ“, - ამბობს სილაგავა.
მისივე თქმით, სწორედ ამ პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია გაეროსთან დადებული მემორანდუმით უკმაყოფილოა, რადგან იქ საუბარია მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე რუსულ ხორბალზე შეუფერხებელ წვდომაზე და არა ტრანსპორტირებაზე. „რუსეთი გაეროს მემორანდუმში, ზუსტ განმარტებას ითხოვს. ეს იყო ქვეტექსტი - თუ ჩვენი ხორბალი არ გაიყიდება, მაშინ დავბლოკავთ მარცვლეულის დერეფანს“, - აცხადებს სილაგავა.
რუსეთს რომ ხორბლის ჭარბი მოსავალი აქვს და რეალიზაცია უჭირს, ამაზე ფედერაციის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ საუბრობს. წერენ რუსული წყაროები.
„რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები აიძულებს ბიზნესს, მოძებნონ მისი ექსპორტის ალტერნატიული გზები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამიტომ, რუსეთის „მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი“ აქცენტს, ხორბლის ნაცვლად, ფქვილის ექსპორტზე აკეთებს.
კავშირის მონაცემებით, ხორბლის ფქვილის მთლიანმა მიწოდებამ მსოფლიო ბაზარზე 2022 წელს 488,3 ათასი ტონა შეადგინა. წინა სეზონში ექსპორტი მხოლოდ 205,4 ათასი ტონა იყო.
„რუსული ფქვილის ტოპ მყიდველებმა რამდენჯერმე გაზარდეს შესყიდვები: საქართველომ - თითქმის 12-ჯერ (136,3 ათას ტონამდე), ავღანეთმა - 22-ჯერ (100,6 ათას ტონამდე), ერაყმა - 12-ჯერ მეტი (63 ათას ტონამდე) ფქვილი შეისყიდა.
თურქეთმა, რომელიც ჩვენთან ყოველთვის მხოლოდ მარცვლეულს ყიდულობდა და ფქვილს ადგილზე აწარმოებდა, ამჯერად 42,3 ათასი ტონა (60-ჯერ მეტი გასულ სეზონზე) შეიძინა“, - აცხადებს გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ ზერნინი.
მისივე თქმით, რუსეთს ხორბლის ექსპორტისთვის ახალი შესაძლებლობები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა სჭირდება.