მარცვლეულის ბირჟებზე რყევების შემდეგ, გაძვირდება თუ არა საქართველოში ფქვილი და პური

რუსეთის განცხადებას, მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის განახლების შესახებ, მსოფლიო ბაზარსა და ბირჟებზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა.

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბალზე დეკემბრის გარიგების ფასები 6,32%-ით დაეცა და ბუშელზე (მოცულობის საზომი ერთეული - 36,4 ლიტრი) $8,45 შეადგინა.

ამასთან, ფასის ზრდა 5,55%-მდე შენელდა და ერთ ბუშელ ხორბალზე ფასმა $8,52 შეადგინა.

სიმინდზე დეკემბრის გარიგებების ფასი ბუშელზე 2,4%-ით, $6,8-მდე დაეცა. შემცირდა შვრიის ფასიც 2,61%-ით და ბუშელზე $3,89 შეადგინა.

  • რა გავლენას მოახდენს მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის რყევები და მოსალოდნელია თუ არა ხორბალსა და ფქვილზე ფასის ცვლილება?

Europetime-თან ინტერვიუში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია, რადგან ეს მსოფლო ბაზარზე, მარცვლეულის ფასების დინამიკას განაპირობებს. 

„რა თქმა უნდა, ის ტენდენცია, რომ მარცვლეულის დერეფანი ისევ მუშაობს და მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული ხორბლის ექსპორტი განხორციელდება, ძალიან კარგია. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

პირველი - მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების შედეგად, უკრაინა დამატებით შემოსავლებს მიიღებს.

მეორე -  ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გასვლა მარცვლეულის მიწოდებასა და ამავე დროს, ფასებს დაასტაბილურებს. მოსალოდნელია ხორბალზე ფასების შემცირება.

რუსეთის განცხადებას რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბალზე ფასის დაახლოებით, 6%-იანი ვარდნა მოჰყვა. ამ მოვლენების შემდეგ, ხორბალზე ფასის ზრდის კუთხით, მკვეთრ დინამიკას არ ველოდებით, რადგან მსოფლიო მარაგები არის და ამასთან, საკმაოდ კარგი მოსავალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

ამიტომ, ხორბლისა და ფქვილის მარაგებთან დაკავშირებით, პრობლემა არ შეგვექმნება“, - აცახდებს ხანიშვილი.


მისივე ინფორმაციით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგია.

„ეს მარაგები შეიქმნა ადგილობრივი მოსავლით და დაახლოებით, 160-170 ათას ტონას შეადგენს. ამ ბოლო სამ თვეში, ექსპორტის გადასახადისა და ხორბალზე ფასის შემცირების პირობებში, იმპორტიორებმა ქვეყანაში ხორბლის ინტენსიურად შემოტანა დაიწყეს. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, მხოლოდ ფქვილი შემოდიოდა.

ბოლო სამი თვეა, საქართველოში, თვეში 25-30 ათასი ტონა ხორბალი შემოდის. მარაგები საკმარისია, თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებასაც, რომ პარალელურად, ხორციელდება ხორბლის ფქვილის იმპორტი, რაც თვეში დაახლოებით, 15 ათასი ტონას შეადგენს. ადგილობრივი მოხმარება 20 ათასი ტონაა. ვფიქრობთ, რომ ხორბლისა და ფქვილის მარაგების თვალსაზრისით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.


რაც შეეხება ფასებს, პურსა და პურ-პრდუქტებზე, ხანიშვილი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, მარაგების არსებობის ფონზე, ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. შემდგომში კი, ეს საკითხი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულს ფასების მიმდინარე ტენდენციაზეა დამოკიდებული.  

„ადგილობრივ ბაზარზე პურ-პროდუქტების ფასზე გავლენას, მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან არსებობს მარაგები. ფასის ცვლილება შემდგომ ტენდენციაზეა დამოკიდებული. მთავარია, საქართველოში გვაქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები. ხორბალზე არის ლოგისტიკური ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნავს ხანიშვილი. 

რაც შეეხება, იმას, რომ საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის ერთად-ერთი მომწოდებელი რუსეთია, სოფლის მეურნეობის მინისტრი აქ პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, „თუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში იქნება უფრო მიმზიდველი ფასები, ბიზნესი ამ ბაზარზე გადაერთვება“. 


ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 105 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მეტი ხორბალი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 92 პროცენტია.

ამასთან, პურსა და პურ-პროდუქტებს, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათში, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს. საქსტატის მონაცემებით, ამ ქვეჯგუფს მნიშვნელოვანი წილი აქვს ინფლაციის ფორმირებაში.

ერთი წლის განმავლობაში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ერთ წელიწადში, პური და პურპროდუქტები 26.1 პროცენტით გაძვირდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში, 2022 წლის ოქტომბერში 10.6 პროცენტი შეადგინა.

 ასევე წაიკითხეთ