რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის, მაგრამ შედეგები უზარმაზარი იქნება, ამიტომ ჩვენ ამას ძალზე სერიოზულად ვეკიდებით.
ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის ტელეარხ NTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის კატასტროფა. თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და არა პუტინმა,“ - თქვა სტოლტენბერგმა.
შეგახსნებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი პირადად არის გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.