ზელენსკი: ირანი ცრუობს, რომ რუსეთს უმნიშვნელო რაოდენობის დრონები გადასცა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ირანი ცრუობს, როდესაც აცხადებს რომ რუსეთს უმნიშვნელო რაოდენობის დრონები გადასცა. 

ამ საკითხზე ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვეში ისაუბრა. 

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან, მათ გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდნენ რუსეთს ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებით ტყუილი თქვეს. ჩვენ ყოველდღიურად სულ მცირე 10 ირანულ უპილოტო თვითმფრინავს ვანადგურებთ.

ირანის რეჟიმი აცხადებს, რომ რუსეთს სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინ დრონების უმნიშვნელო რაოდენობა გადასცა. მხოლოდ გუშინ, ერთი დღის განმავლობაში გავანადგურეთ 11 „შაჰედი“. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ, თეირანში კი ამაზე ზოგადად ჩუმად არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

 

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.