დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამჟამად არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ დედაქალაქის დაახლოებით 3 მილიონიანი მოსახლეობის გადაუდებელი ევაკუაცია განიხილებოდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლება სავარაუდოდ, მოსახლეობის ევაკუაციას აპირებდა.
მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რომან ტკაჩუკმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების შედეგები მინიმუმამდე დაიყვანოს.
ტკაჩუკმა განმარტა, რომ სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მომზადების ფარგლებში, ქალაქის ოფიციალური პირები იძულებულნი არიან, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ.
„სამოქალაქო დაცვის სისტემა უნდა მომზადდეს სხვადასხვა ვარიანტისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ვემზადებით ევაკუაციის დასაწყებად. სწორი რეაგირებისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმა ყველა შესაძლო სცენარისთვის“, - განაცხადა ტკაჩუკმა.
მისივე განმარტებით, თითოეულ რაიონში საშუალოდ 100 გათბობის პუნქტი მოეწყობა, რომელიც ზამთარში საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ამოქმედდება.
„ისინი განთავსდება სოციალურ დაწესებულებებში, რადგან იქ იქნება გათბობა და ელექტრომომარაგება კრიზისის შემთხვევაში. ეს პუნქტები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით: გათბობით, განათებით, სველი წერტილებით, სასადილოებით, დასასვენებელი ადგილებით, თბილი ტანსაცმლითა და საბნებით. გარდა ამისა, პუნქტები აღიჭურვება ავარიული დენის გენერატორებით და გამათბობლებით. საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე, სასწრაფო დახმარების პერსონალი დაიწყებს მორიგეობას“, - აღნიშნა რომან ტკაჩუკმა.