ევროკომისია უკრაინას €18 მილიარდის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს მომავალ კვირას წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

„ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განვიხილე უკრაინის მაკროფინანსური დახმარება მიმდინარე წლისა და 2023 წლისთვის. ხაზი გავუსვი „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების მნიშვნელობას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, ევროკომისია უკრაინას 2023 წლისთვის, ყოველთვიურად, 1,5 მილიარდ ევრომდე პაკეტს შესთავაზებს.

ევროკომისიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საჭიროებების დაფარვას 2023 წელს.

გარდა ამისა, ლიდერებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე, განსახილველ თემებს შორის ირანის საკითხიც იყო.

ევროკავშირი უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ყოველთვიურად გამოყოფას, რაც მთელი წლის განმავლობაში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ოქტომბერს განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვიურად, დაახლოებით, 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება მიმდინარე ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი დასჭირდება.