სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა.
მისი თქმით, საქართველოს ფოთის პორტის ოპერატორი ევროპული და ამერიკული სანქციების დაცვის საკითხს მკაცრად აკონტროლებს.
ქერობიანის თქმით, კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია პასუხი რამდენი დრო დასჭირდება იმის გადაწყვეტას, გაუშვას თუ არა ესა თუ ის ტვირთი.
„ჩვენი სურვილია, რომ ეს კავშირი იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების საფუძველზე, ეკონომიკური შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა ქერობიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოდან რუსთში საბორნე მიმოსვლა ზამთრამდე ამოქმედდება.
„როგორც გაირკვა, ეს პრობლემა იმაზე რთულია ვიდრე თავიდან ხელისუფლება წარმოიდგენდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რადგან ეს კავშირი სომხეთსა და ევრაზიის კონტინენტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქერობიანმა.
შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტი ჰოლანდიური გადამზიდავი კომპანია APM Terminals Poti-ის კონტროლს ექვემდებარება.
მანამდე, სომხურმა მხარემ საქართველოს პორტიდან, რუსეთის პორტ „კავკაზში“ საბორნე მიმოსვლის გარდაუვალი გაშვების შესახებ, რამდენჯერმე განაცხადა.
ამავდროულად, საქართველოს გზა ზემო ლარსის გავლით არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ბორანი ამ გზის ალტერნატივაა.
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ სომხეთმა ქართულ მხარეს რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნის თხოვნით (ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მძიმე დატვირთვის გამო) მიმართა.
თბილისმა განაცხადა, რომ სომხეთს არ აქვს წვდომა ზღვაზე და საერთაშორისო ვაჭრობისთვის „საქართველოს პორტებს ტრადიციულად იყენებს“.
აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაასრულა.