თუ ბელორუსსა და რომელიმე ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში $50 მილიონს აჭარბებს, მაშინ იქ „საელჩო“ იხსნება.
რუსულ მედიასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებს ციტირებს.
„ბელორუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელის ღირებულებაც $50 მილიონზე მეტია“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, ლუკაშენკო მზადაა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაახლოების ვექტორი ურყევია.
„აფხაზეთი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოკავშირე აფხაზურ-რუსული ურთიერთობები კიდევ უფრო შევავსოთ ორი ქვეყნის ხალხებისთვის სასარგებლო შინაარსით“, - განაცხადა ბჟანიამ.