აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას.
„ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა.
„ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. ამჟამად აშშ-ჩინეთის ურთიერთობა არის განვითარების ეტაპზე და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ მასზე… როგორც ორი ძირითადი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრზო ჩინეთის ლიდერმა.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას.
ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს.
„რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
„ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან.
ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე.
G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს.
G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.