გაეროში უკრაინის ელჩის, სერგი კისლიცას თქმით, რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში, უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს პოლონურ მხარესთან.
"მხარს ვუჭერთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ ამ გამოძიებაში“, - განაცხადა კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
- პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია
- რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian
15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.
პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა.
„ბევრი ნიშანია იმისა, რომ ერთ-ერთმა (უკრაინულმა) რაკეტამ, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებისას გამოიყენებოდა, მიზანს ასცდა. მისი „თვითგანადგურების სისტემა“ არ მუშაობდა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, - განაცხადა კუმოჩმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.
16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.