შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

უკრაინის სამი საზღვაო პორტიდან, სურსათის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. 

ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება სტამბულში მიიღეს, ხოლო ინიციატივის განხორციელების გარანტი გაერო და თურქეთი იყვნენ.

გარდა ამისა, უკრაინა ოფიციალურად მიმართა პარტნიორებს, რომ მარცვლეულის დერეფანი ნიკოლაევის პორტიმაც გამოიყენოს.

შავი ზღვის გავლით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ პირველი აგვისტოდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია 38 ქვეყანაში გაიტანა.

„უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პორტების მთელი საექსპორტო პოტენციალი, რათა მსოფლიომ სწრაფად მიიღოს საჭირო მარაგი", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 


22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას.

პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.

29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს. 

გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს.

გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება.

2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს. 

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.