ელჩი ჰერჩინსკი: ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან.

მისი შეფასებით, ეს იყო ძალიან კარგი ვიზიტი.

„ევროკომისარი ვარჰეი საქართველოში პირველად ჩამოვიდა როგორც ევროკომისარი, რომელიც პასუხისმგებელია არამარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ, გაფართოების საკითხებზეც. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

ვიზიტისას ევროკომისარმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია – ევროკომისიის 12 პრიორიტეტი (რეკომენდაცია) საქართველოსთვის და ევროპის საინვესტიციო გეგმა.

12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია თანამშრომლობა ყველა მხარეს შორის.

ევროპის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა პროექტებზე ურთიერთდაკავშირებისა და ენერგეტიკის სფეროებში. უნდა დავაჩქაროთ მათი განხორციელება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება კონკრეტული შედეგები. შედეგები, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს“, - განაცხადა ელჩმა IPN-თან.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.