„რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ, ევროპის გზაზე“, - გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, სხვა გზავნილებთან ერთად, ამ რჩევითაც ეწვია საქართველოს.
აღსანიშნავია, რომ ოლივერ ვარჰეი პირველად ჩამოვიდა საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაცია წარუდგინა, ევროკავშირის საბჭო კი, ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდა, როგორც კი ხსენებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
როგორ ასრულებს პირობებს საქართველო, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯებს ხედავს, პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს. ოლივერ ვარჰეიმ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა, რომ ჩამოვიდა, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმაროს. რამდენჯერმე ახსენა 12 რეკომენდაცია და გამოყო კონკრეტული მიმართულებები, მასში ასახული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც საჭიროა. მაგალითად, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. 12 რეკომენდაციაში ასახულ მესამე პუნქტზე - სასამართლო რეფორმაზე კი განაცხადა, რომ პოზიტიურ ძვრებს ხედავს.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 15 ნოემბერს იმყოფებოდა. ის შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას. პრესკონფერენცია შუადღისას, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართა და მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან მოკლე გზავნილები Europetime-მა შეკრიბა.
საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა, ჩვენ მზად ვართ, დანაპირები შევასრულოთ
- ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი 12 რეკომენდაცია. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები
- ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი თორმეტივე პრიორიტეტზე
- ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა, ეკონომიკა ყვავის
- ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით
- ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი
- გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი
- გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან
- 3,9 მილიარდი ევრო შემოვა საქართველოში, საჯარო და კერძო სექტორში
- ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს
- გზავნილი, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში, ასეთია: გვინდა პარტნიორობა
- შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია
- ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.