NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის აგრესიის დასაგმობად, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იეგორ ჩერნევმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციას მხარი NATO-ს წევრმა 30-ვე ქვეყანამ დაუჭირა. 

ჩერნევის განცხადებით, რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეამ ასევე გაითვალისწინა უკრაინის წინადადებები იარაღის მიწოდებაზე და განიხილა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.  

„ამ რეზოლუციის მიღება, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც დასავლეთის საპარლამენტო წრეების დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნების ხელისუფლებებზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა იგორ ჩერნევმა. 


უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.