NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის აგრესიის დასაგმობად, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იეგორ ჩერნევმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციას მხარი NATO-ს წევრმა 30-ვე ქვეყანამ დაუჭირა.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა
- პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
ჩერნევის განცხადებით, რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეამ ასევე გაითვალისწინა უკრაინის წინადადებები იარაღის მიწოდებაზე და განიხილა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.
„ამ რეზოლუციის მიღება, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც დასავლეთის საპარლამენტო წრეების დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნების ხელისუფლებებზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა იგორ ჩერნევმა.
უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.
რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.