ევროპის მომავალი ზესახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით, ამ სათაურით სტატიას Politico აქვეყნებს.
ვარშავამ სამხრეთ კორეასთან იარაღის მსხვილი გარიგებები დადო.
პოლონეთი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი კონტინენტურ ევროპაში, განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ პოლონეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის მხარდასაჭერად და ბალტიისპირეთში NATO-ს თავდაცვის გაძლიერებაში.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია, რომელიც ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ლოგისტიკური კვანძის საყრდენად რჩება, ბერლინის უწყვეტი დებატები შეიარაღებული ძალების აღორძინების შესახებ და სტრატეგიული კულტურის ნაკლებობა ამცირებს მის, როგორც პარტნიორის ეფექტიანობას.
იმავდროულად, პოლონეთი უკვე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.
ვარშავამ განაცხადა, რომ გაზრდის მიზნობრივი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4 პროცენტიდან 5 პროცენტამდე. იმავდროულად, გერმანია, რომელმაც გასულ წელს მშპ-ს დაახლოებით 1,5 პროცენტი დახარჯა თავდაცვაზე, მსჯელობს იმაზე, შეუძლია თუ არა შეინარჩუნოს NATO-ს 2-პროცენტიანი მიზანი ამ წლის დასაწყისში დამტკიცებული 100 მილიარდი დოლარის თავდაცვითი საინვესტიციო ფონდის ამოწურვის შემდეგ.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ივლისში გამოვიდა დაპირებით, რომ მის ქვეყანას ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები ეყოლება.
პოლონეთს უკვე აქვს მეტი ტანკი და ჰაუბიცები, ვიდრე გერმანიას და აპირებს, ჰყავდეს გაცილებით დიდი არმია, რომელიც 2035 წლისთვის 300 000 ჯარისკაცს გულისხმობს, გერმანიის ამჟამინდელ 170 000-იან არმიასთან შედარებით.
დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალები 150 000-მდეა, რომელთაგან 30 000 არის 2017 წელს შექმნილი ახალი ტერიტორიული თავდაცვის ძალების ნაწილი. ეს ჯარისკაცები 16-დღიან წვრთნას და შემდეგ განახლების კურსებს გადიან.
გადაიქცევა თუ არა პოლონეთის სამხედრო ძალა ევროპაში პოლიტიკური გავლენის მატარებლად, სხვა საკითხია.
ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, უმეტესწილად იმიტომ, რომ ცენტრისტული ძალები, რომლებიც დომინირებენ ევროკავშირში, არ ენდობიან პოლონეთის მთავრობას, რომელსაც ნაციონალისტური კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) აკონტროლებს.
ვარშავასა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ, რასაც ევროკავშირი დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის უგულვებელყოფად მიიჩნევს, ქვეყნის რეპუტაცია მთელ ბლოკში დააზიანა. თუმცა, ერთადერთი, რაზეც პოლონეთის პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან, შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობაა.
უკრაინის დასახმარებლად აშშ-სა და პოლონელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიუხედავად, პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ ენდობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც კანდიდატის რანგში, ქვეყნის მთავრობას ტოტალიტარულს უწოდებდა, - წერს POLITICO.
სტატია გასულ კვირას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც ეხმაურება.
„როდესაც გასულ კვირას, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისევე წუხდა იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა პოლონეთის მემარჯვენე მთავრობა.
პოლონეთის ხანგრძლივმა უნდობლობამ ყველაფერი რუსულის მიმართ და ამჟამინდელი ხელისუფლების ღრმა ანტიპათიამ მოსკოვის მიმართ, გამოიწვია შეშფოთება ბრიუსელიდან ბერლინამდე, რომ ვარშავას შესაძლოა, რაიმე დაუფიქრებელი გაეკეთებინა.
თუმცა ვარშავამ წონასწორობა არ დაკარგა, შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა და დასკვნამდე განცხადებების გაკეთებას მოერიდა“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.
პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა.