კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავის მოგვარება შეძლეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდებით საავტომობილო ნომრების გაცემას, პრიშტინა კი, უარს იტყვის სერბული ნომრებით რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებაზე.
„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას კოსოვოსა და სერბეთს შორის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. ჩვენ განვიხილავთ მომავალ ნაბიჯებს ორ მხარეს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ჩვენი წინადადების ფარგლებში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისი ვიდეო ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ გაავრცელა.
კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებდნენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოეყენებინათ. ამის გამო საზღვარზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე.
ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს.