კიევის საქალაქო საბჭომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.
„ბორისი რამდენჯერმე ეწვია უკრაინის დედაქალაქს - როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსი აგრესორების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს.
ჯონსონმა ბევრი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უზრუნველყონ უკრაინისთვის საჭირო დახმარება. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! გელოდებით ისევ კიევში, რათა გადმოგცეთ ეს საპატიო ჯილდო!“, - დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში.
ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ.
კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.