ენერგომომარაგების შეზღუდვა ამჟამად მოქმედებს 14 რეგიონში და უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა ქვეყნის ელექტროქსელის აღდგენა 26 ნოემბერს განაგრძეს.
ზელენსკის თქმით. ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების მეტი შესაძლებლობა უკვე გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მიწოდება სრულად სტაბილური იყოს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ საღამოს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება, შესაძლოა, ელექტროენერგიის გათიშვის რიცხვი გაიზარდოს.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვა და მისი გონივრულად მოხმარება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შაბათს, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქში მომხმარებელთა 25% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.
23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია.
ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა.
ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას