მეუფე სვიმეონი: წინა დღეებში ეკლესიაზე, ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე თავდასხმა იყო და შედეგმაც არ დააყოვნა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ქადაგების დროს, მის ეპარქიაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ დედათა მონასტერში, მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. 

„არამარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეპარქიაში მოხდა. მოგეხსენებათ, წინა დღეებში ეკლესიაზე თავდასხმა იყო, პირადად ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმაც არ დააყოვნა“, - განაცხადა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა. 

მისივე თქმით, დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. „ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მეორე თვალშიც მხედველობა აღუდგა და შედარებით უკეთესად არის. ღვთის შეწევნით ის მალე დატოვებს საავადმყოფოს და ჩვენს გვერდით იქნება“. 

სვიმეონმა ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე სიძულვილის ენამ მიიყვანა. 

„რომელი საუკუნეა? მე მასწავლიან სიკეთის კეთებას? მე მასწავლიან როგორი უნდა ვიყო? საკუთარი სიცოცხლე მაქვს გადადებული და მე მასწავლიან რა არის სწორი ცხოვრება? აი, ამ სიძულვილის ენამ საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ქართველი კაცი ეკლესიების წინააღმდეგ გახადა.

ვაი, ქართველებო. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეკლესიაში მონაზონზე თავდასხმა მომხდარიყოს. ეკლესიის შეურაცხყოფამ და ამდენმა დევნამ რა მოიტანა, საზოგადოებამ დაინახა. ეკლესიაზე თუ მონაზვნებზე გაჭირვებული ადამიანები როგორ უნდა წააქეზო”,-განაცხადა ეპისკოპოსმა.


შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება.

  • დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

„ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.