რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო მეტად ემუქრებიან ნიდერლანდების უსაფრთხოებას და ეს დიდწილად ისეთი საერთაშორისო მოვლენების შედეგია, როგორიცაა უკრაინის ომი. ამის შესახებ ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურების AIVD-ისა და MIVD-ის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ნიდერლანდები „მიმზიდველი სამიზნეა ჯაშუშური საქმიანობისთვის".
ეს ნაწილობრივ განპირობებულია ნიდერლანდებში „ენერგორესურსების ტრანზიტისთვის მიწისქვეშა მილების“, „მაღალ განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურის“ და „კომპანიებისა და ინსტიტუტების მაღალი ხარისხის ცოდნით“.
მოხსენების თანახმად, ნიდერლანდების ეკონომიკის უსაფრთხოებას, სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხეები. ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს უქმნის ნიდერლანდებში განათლების სფეროს უსაფრთხოებას.
ჩინეთი, რომელიც სამსახურების თქმით, არის მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორი მრავალ სფეროში, იყენებს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ მეთოდებს ტექნოლოგიების მოსაპოვებლად. „ცოდნის ქურდობა და ინფორმაციის გაჟონვა შეიცავს არასასურველი სამხედრო გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
სამსახურები ასევე აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების ჩარევა კვლავ საფრთხეს უქმნის ნიდერლანდების სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და ამ შემთხვევაში ძირითადად რუსეთზე მიუთითებენ.
მაგალითად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს ევროპის დამოკიდებულებას გაზზე, რათა ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს ქვეყნებს და გამოიწვიოს სოციალური არეულობა.
მოხსენების თანახმად, უკრაინის ომი არის „წყალგამყოფი რუსეთს, ნიდერლანდებსა და მოკავშირეებს შორის“. MIVD-ის დირექტორი იან სვილენსი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ GRU-მ გასულ წელს ნიდერლანდებში ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების როუტერები გატეხა.