"გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", - ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ განცხადება საელჩომ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
"გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება.
რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა .
სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.