უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი მილიარდერი აღარ არის, წერს Forbes.
კოლომოისკის ქონება, რომელიც ომის დაწყებამდე $1,9 მილიარდად იყო შეფასებული, ახლა $850 მილიონამდე შემცირდა.
ამის მიზეზი კომპანიების Ukrnafta და Ukrtatnafta-ს ნაციონალიზაცია გახდა, რომელთა წილები კოლომოისკის ეკუთვნოდა, აღნიშნავს გამოცემა.
ამ საწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ, ნოემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი .
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება „თავდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფის აუცილებლობით“ განმარტა.
მედია წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო „შოკი“ კოლომოისკისა და მისი გარემოცვისთვის.
2022 წლის ზაფხულში უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ შესაძლოა, ხელი მოაწეროს განკარგულებას კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
პასპორტების შემოწმების სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის რეესტრში, მისი პასპორტი ბათილადაა მითითებული, მაგრამ განკარგულებაზე ხელმოწერის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა.