„საეჭვო ამანათები“ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმაც მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 6 დეკემბერს განაცხადა.
„ყველას, ვინც განაგრძობს „ამ პაკეტების გაგზავნას და საელჩოების ტერორიზებას“, დმიტრო კულება სთხოვს, დამშვიდდნენ და დროს და ფულს ნუ ხარჯავენ საფოსტო მარკებზე.
„ამით ვერაფერს მიაღწევთ. უკრაინული დიპლომატიის ყველა მტერს შემიძლია, გავუმეორო - ვერ მოახერხებთ ჩვენს დაშინებას ან შეჩერებას“, - აცხადებს უკრაინელი დიპლომატი.
მანამდე, თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ „ეს არის კარგად დაგეგმილი ტერორისა და დაშინების კამპანია“ ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების მიმართ.
თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება, იდგეს ამ ყველაფრის უკან.
ესპანურმა პოლიციამ 5 დეკემბერს ამოიღო დიპლომატებისთვის განკუთვნილი სამი კონვერტი, რომლებიც სავარაუდოდ, ცხოველების თვალებს შეიცავდა. კერძოდ, საეჭვო გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოში მადრიდში, გენერალურ საკონსულოში ბარსელონაში და ასევე საკონსულოში, მალაგაში. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა.
ნიკოლენკოს თქმით, საერთო ჯამში, 12 ქვეყანაში, უკრაინის დიპლომატიურ მისიებზე 21 „თავდასხმა“ დაფიქსირდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტიან მუშაობას უკრაინის მტრისგან დასაცავად და ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განმარტა სპიკერმა.
სისხლით შეღებილი პაკეტები ცხოველის თვალებით მანამდე გადაეცათ უკრაინის საელჩოებს ესპანეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე, საკონსულოში ბრნოში.
მსგავსი ამანათები მიიღეს აშშ-ის საელჩოში მადრიდში, ასევე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა.
30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.