საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანს“, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„როგორც იცით, რასაც ჩვენ ვეძახით „შუა დერეფანს“, რომელიც საქართველოზე გადის, არის ის, რასაც უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ და განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში.
არსებობს სამხრეთ კავკასიის ალტერნატივად გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა საქონლის აზიიდან, ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში გადატანას.
ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ ქართველ პარტნიორებთან იმისთვის, რომ განვაახლოთ ინფრასტრუქტურა, გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. ვსაუბრობთ დიდ ფულზე, იმისთვის, რომ ამ ინფრასტრუქტურის განახლება მოხდეს.
ეს უკვე მიმდინარეობს და ამის მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, (შუა დერეფანი) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.