შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის გამო, ინვესტორებისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროები უფრო მიმზიდველი გახდება -ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დღეს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეი განცხადებას  გამოეხმაურა, როლის თანახადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. 

„როცა ვსაუბრობთ შავი ზღვის დამაკავშირებელ ელექტროკაბელზე, ეს რამდენიმე მილიარდიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელსაც შესაძლოა, ტრანსფორმაციული შედეგი ჰქონდეს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით. ეს არის პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

მისვე თქმით, საქართველო როგორც ენერგეტიული გაერთიანების წევრი ქვეყანა, პირდაპირ ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის შესაძლებლობას მიიღებს.

„შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტორისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება. ჩვენ კიდევ უფრო ადვილად შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში, თუმცა ამ კაბელს საქართველოსთვის აქვს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

სწორედ ამაზე საუბრობდა კომისარი ვარჰეი თავის გამოსვლაში, რომ  ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია და შესაბამისად, საქართველო ამ პროექტით ინტეგრირდება ევროკავშირში, რაც ჩვენს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

პროექტში ჩართული იქნებიან უნგრეთი და აზერბაიჯანი. შესაბამისად ოთხი ქვეყანა თანამშრომლობს ამ პროექტში და საუბარია არა მხოლოდ საქართველოს ენერგორესურსების ექსპორტზე, არამედ მათ შორის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ექსპორტზე ევროპის ბაზარზე. ასევე იმპორტზე, რაც ქვეყნების ენერგობალანსს კიდევ უფრო სტაბილურს გახდის“, - განაცადა დავითაშვილმა. 


შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება.

„ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას.

გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“.

ასევე წაიკითხეთ: