საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ მითითებული 12 პრიორიტეტი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. წერს „ინტერპრესნიუსი“.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეფასება დამსახურებისა და ყველა საჭირო რეფორმის განხორციელების შესაბამისად მოხდება.
„სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი შენიშვნა გავაკეთო. პირველი – პოლიტიკურმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ აქტორებს შორის.
მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა.
მესამე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, გამჭვირვალე მედიამფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას.
მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მე, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:
„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.