სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ადვოკატმა განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა მედიას, რომ ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არ ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს.

„სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშლობა გამოაცხადა“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.


სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო.

სხდომა 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

„21-ში (რედ. სააკაშვილის დაბადების დღე) შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა, სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“, - განაცხადა მოსამართლემ.

სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომის გადადების შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა. სამსახური მოითხოვდა, პროცესი ერთი თვით გადადებულიყო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება.

მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.

გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

„მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას.

ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.