მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნულის მიზეზად ევროპარლამენტარებისგან მიღებულ შეტყობინებას ასახელებს, რომელშიც ისინი შიმშილობის შეწყვეტას კატეგორიულად ითხოვენ.

სააკაშვილის გზავნილი მედიას ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცნო.

,,ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ. რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც. იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, - ნათქვამია წერილში.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.