აშშ აზერბაიჯანისთვის, თურქმენული გაზის მიწოდების მხარდაჭერის შესაძლო გზებს იკვლევს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში ენერგომომარაგების დივერსიფიკაციასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში.
- აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთის გაზის დერეფანს. SGC ხელს უწყობს ევროპაში ენერგიის იმპორტის მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიკაციას, რაც ახლა აშშ-ს პოლიტიკის პრიორიტეტია. აშშ იკვლევს გზებს, რათა მხარი დაუჭიროს თურქმენული გაზის მიწოდებას აზერბაიჯანში, რათა გაზარდოს არარუსული ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა დონფრიდმა.
მისივე თქმით, ივლისში ევროკავშირმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის იმპორტის გაორმაგების შესახებ, წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
„არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ საჯაროდ გამოხატა ინტერესი აზერბაიჯანულ გაზზე უფრო ფართო წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. აზერბაიჯანს ასევე აქვს განახლებადი ენერგიის, კერძოდ ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენი დახმარება სწორედ ამისთვისაა მიმართული. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ევროპული დიპლომატიის პირველი წარმატება აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის დივერსიფიკაციისა და თანამშრომლობის შესახებ“, - განაცხადა დონფრიდმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.
- წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
- ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.