„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შეთანხმება - ეს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა ენერგოუსაფრთხოების კუთხით. „როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას ყოველთვის ასე ვსვამდით საკითხს - საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარების კუთხით, საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ძალიან აქტიურად წარმოჩინდა დაკავშირებადობის მთელი პაკეტი, რომელიც საქართველომ შესთავაზა ევროკავშირს “, - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელიც ყველაზე აქტუალური გახდა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - ახალი სატვირთო-სატრანზიტო ნაკადები ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით; ციფრული დაკავშირებადობა - ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ინტერნეტნაკადების საქართველოს მეშვეობით ევროპიდან აზიაში მიწოდება.
მინისტრის თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ იყო ინიცირებული - შავი ზღვის ქვეშ გამავალი ელექტროდამაკავშირებელი გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი.
ამასთან, მისი განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს როლს ნამდვილად გაზრდის და ქვეყანა არამარტო სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით მიიღებს ეკონომიკურ სიკეთეებს, არამედ აქ წარმოებული, გენერირებული ენერგიის პირდაპირი ექსპორტი მოხდება ევროპულ ბაზარზე, რაც საქართველოს ენერგეტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
„რადგან ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ელექტროენერგიის ყველაზე საინტერესო, თავისუფალ და გახსნილ ბაზარს, სადაც საქართველო ისეთივე თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებს, როგორც ევროკავშირის სხვა ყველა ქვეყანა, ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ - ინვესტორებისთვის შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია პირდაპირ იყოს მიწოდებული მაღალმსყიდველობითი უნარის ბაზარზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.
რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.
რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.