ტაივანი ჩინეთს „სამხედრო შეჭრაში“ ადანაშაულებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთი ახორციელებს „ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეჭრას ტაივანის გარშემო ზღვებსა და ცაში“. ამის შესახებ BBC იუწყება.

აღნიშნავენ, რომ ჩინეთის საჰაერო ძალების 71 თვითმფრინავი, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები და დრონები, ტაივანის ე.წ. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

ორშაბათს, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 43 ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა ეგრეთ წოდებული მედიანური ხაზი, არაოფიციალური ბუფერი, რომელიც ჰყოფს ორ მხარეს საჰაერო თავდაცვის ზონაში.

ჩინეთმა განაცხადა, რომ „კვირას ტაივანის გარშემო „შეტევითი წვრთნები“ ჩაატარა კუნძულისა და შეერთებული შტატების პროვოკაციების საპასუხოდ“.

ჩინეთი ტაივანს განიხილავს როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელთანაც საბოლოოდ გაერთიანებას გეგმავს.

დაძაბულობა ორ მხარეს შორის ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა.

აგვისტოში პეკინი აღაშფოთა კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტმა, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ტაივანს ეწვია ბოლო 25 წლის განმავლობაში.

ჩინეთმა საპასუხოდ ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ჩაატარა და კუნძულთან ვაჭრობა შეაჩერა.

ვაშინგტონი ერთი მხრივ, იცავს ერთი ჩინეთის პოლიტიკას, მაგრამ ის ასევე ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ტაივანთან და ყიდის იარაღს ტაივანთან ურთიერთობის აქტის მიხედვით, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა კუნძული საკუთარი თავდაცვის საშუალებებით უნდა უზრუნველყოს.

ვინ ცნობს ტაივანს

ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.

ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.

გაეცანით Europetime-ის სტატიას