სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება თავდაცვის მინისტრმა გასცა. მისი თქმით, მიზანი სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა.
ასევე, ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
„როგორც ჩანს, სერბეთი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკური შეთანხმებით, მეორე მხარე კი, მუდმივად დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ესკალაციისკენ“, - განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა.
დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის
კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა.
პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.