Forbes-ის გათვლებით, რუსეთის შეჭრის გამო, უკრაინის 20-მა უმდიდრესმა ადამიანმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
ბოლო წლების განმავლობაში, ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მრეწველობას, წლიური ფინანსური რეიტინგების სათავეში უცვლელად აღმოჩნდნენ. უკრაინის უმდიდრესმა კაცმა რინატ ახმეტოვმა, ისევე როგორც გასულ წელს, რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
თუმცა ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ისა და Metinvest-ის ფოლადის და სამთო კონგლომერატის მფლობელმა, მის მშობლიურ დონბასში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო 9,3 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ბოლო თავდასხმას DTEK-ის ერთ-ერთ ობიექტზე, ერთი თანამშრომლის დაღუპვა მოჰყვა. დეკემბრის დასაწყისისთვის კომპანიამ განაცხადა, რომ მის საწარმოებს 18-ჯერ დაესხნენ თავს, 20 ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა.
ახმეტოვის ქონება ახლა 4,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მაგნატის ბიზნეს ზარალის გრძელ სიაში შედის მარიუპოლში დაფუძნებული აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.
ახმეტოვის მრავალი ქონება საომარ ზონებად გადაიქცა და საბოლოოდ რუსებმა გაანადგურეს. ახმეტოვის ენერგეტიკული აქტივები არანაკლებ დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოქტომბრის დასაწყისში, კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევა დაიწყო.
ახმეტოვი იმედოვნებს, რომ ზარალი რუსეთის ხარჯზე აუნაზღაურდება - ივნისში მან მოსკოვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სარჩელის საერთო ოდენობამ შესაძლოა, 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკური სტარტაპის, გრამატიკის შემოწმების პოპულარული ინსტრუმენტის Grammarly-ის თანადამფუძნებლები, მაქსიმ ლიტვინი და ოლექსი შევჩენკო Forbes-ის სიაში მეორე და მესამე ადგილზე არიან.
თითოეულის ქონება ახლა 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკრაინაში დაბადებული ტექნიკოსები მილიარდერები გახდნენ მას შემდეგ, რაც 200 მილიონი დოლარის საინვესტიციო გარიგებამ, Grammarly-ის ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
Grammarly-ის თანადამფუძნებლებს სიაში მოჰყვებიან ოლიგარქები ვიქტორ პინჩუკი და კოსტიანტინ ჟევაგო, რომელთა წმინდა ქონება, შესაბამისად, 2,2 და 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
საერთო ჯამში, Forbes-მა გააანალიზა 129 უკრაინელი ბიზნესმენის ქონება, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში უმდიდრეს 100-ეულში მოხვდნენ.
ჟურნალმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ მათგანს შეეძლო 2022 წლის რეიტინგში მოხვედრა, მაგრამ სიიდან მოქალაქეობის დაკარგვის ან სხვა მიზეზის გამო გარიცხეს.
მაგალითად, იგორ კოლომოისკის, რომელიც გასულ წელს 1,8 მილიარდ დოლარად შეფასებულ რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ივლისში ჩამოართვა.