შავი ზღვის თურქულ სექტორში „საკარიას“ საბადოს მარაგების მოცულობა 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. შეფასებები ეფუძნება ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, DeGolyer & MacNaughton-ის დასკვნებს.
ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.
მისი თქმით, „საკარიას“ საბადოზე სამუშაოებში 50-ზე მეტი გემია ჩართული.
„შავი ზღვის საბადოდან სამი წყალქვეშა მილსადენის გაყვანა და ტესტირება გრძელდება. 170 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. ასევე, დასრულებულია ხმელეთზე საკომპრესორო სადგურის მშენებლობაზე სამუშაოების 85 პროცენტი“, - განაცხადა დონმეზმა.
ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს საკომპრესორო სადგური პირველ ეტაპზე ქვეყნის გაზგამანაწილებელ სისტემას 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.
დონმეზმა გაიხსენა, რომ ამ დროისთვის „საკარიას“ საბადოზე გაბურღულია 10 ჭაბურღილი, რომელთა რიცხვი 2026 წლისთვის 40-მდე გაიზრდება.