უნგრეთმა „ევროკავშირის ფულისთვის ბრძოლაში“ უკრაინა მძევლად აიყვანა

უკრაინა მძევლად იქცა უნგრეთის მთავრობის, ვიქტორ ორბანის მეთაურობით,ევროკავშირის მიერ შეჩერებული დაფინანსებისთვის ამ უკანასკნელის ბრძოლაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელიც Politico-ს ესაუბრა.

„უნგრეთი საკუთარ თამაშს თამაშობს. მან უკრაინა მძევლად აიყვანა ფულისთვის ბრძოლისთვის, რომელსაც კომისიის ვალი აქვს. კარგი ამბავი ის არის, რომ კომისიამ იპოვა გზა, თუ როგორ უნდა გაეწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარება უნგრეთის ხმის მიცემის გარეშე, ასე რომ, ახლა ჩვენ ვიცით, რომ კრიტიკული შემთხვევებისთვის არის გამოსავალი“, - აღნიშნა კულებამ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს უკრაინისადმი სახსრების გადაცემა უკვე იანვარში.

ამის თაობაზე მან უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს კონტექსტში ისაუბრა.

დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია.

„ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ქვეყანას უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს ეს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა.