ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩინეთში კოროვირუსული ინფექციების ბოლოდროინდელი გააქტიურების წინააღმდეგ, „კოორდინირებულ პრევენციულ მიდგომაზე“ შეთანხმდნენ. ისინი რეკომენდაციით გამოდიან, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს უარყოფითი COVID ტესტები მოსთხოვონ.
„წევრი ქვეყნები მტკიცედ მოწოდებულნი არიან, შემოიღონ ჩინეთიდან წევრ ქვეყნებში მიმავალი ყველა მგზავრისთვის, COVID-19-ზე ტესტირების საბუთი, რომელიც ჩინეთიდან გამგზავრებამდე არაუმეტეს 48 საათით ადრეა გაცემული“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც კრიზისზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
ამასთნნ, მგზავრებმა სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები უნდა ატარონ. წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდეს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე შემთხვევითი ტესტირება ჩაატარონ.
ჯანმოში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.