ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია, უკრაინის არმიას ბახმუტსა და სოლედარში თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი დანაყოფები გადაჰყავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტი და სოლედარი ფრონტის ხაზზე ყველაზე სისხლიანი ადგილებია.
„მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში - ყველა ცხელი წერტილი ამ მიმართულებით კარგად არის ცნობილი. ყველაფრის მიუხედავად, ბახმუტი უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი რუსეთის დარტყმებმა გაანადგურეს, ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ რუსეთის შეტევის მუდმივ მცდელობებს. სოლედარი უძლებს, თუმცა იქ კიდევ უფრო მეტი ნგრევაა და ეს ძალიან რთულია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.
დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.