აფრიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ევროპას შექმნას სამხრეთ-ჩრდილოეთის ენერგეტიკული ღერძი, რომელიც დააკავშირებს ორ კონტინენტს. რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების საკითხზე ევროკავშირმა აფრიკას უნდა მიმართოს და არა აშშ-ს.
ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ევროპასა და აფრიკას შორის ენერგეტიკული ღერძის შექმნა, რათა ჩაანაცვლოს ენერგომომარაგება რუსეთიდან.
„ჩვენ არ გვაქვს ენერგია, მაგრამ მათ აქვთ. ჩვენ გვაქვს დიდი ინდუსტრია, მათ აქვთ სურვილი ეს დარგი განავითარონ", - თქვა დესკალზიმ.
მან აღნიშნა, რომ სწორედ აფრიკა გახდა Eni-ს მთავარი არჩევანი 2022 წელს რუსეთიდან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩანაცვლების თვალსაზრისით. „ტრანზაქციების წარმატება, ნაწილობრივ, განპირობებული იყო იმით, რომ Eni-მ დიდი ინვესტიცია მოახდინა აფრიკაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებდნენ“.
მან დასძინა, რომ ნავთობისა და გაზის ახალი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები დაეხმარება აფრიკის ქვეყნებს ინვესტირებას სუფთა ენერგიის პროექტებში.
ამასთან, გამოცემამ აღნიშნა, რომ Eni არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს აფრიკაში.
საუბარია ასევე ბრიტანულ BP-ზე, რომელმაც ნოემბერში ხელი მოაწერა შეთანხმებას ექსპორტისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის განვითარების შესაძლებლობის შესასწავლად.