NATO ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვისადმი მტკიცე ერთგულებას 2023 წელსაც გააგრძელებს. შესაბამისი ტექსტი ალიანსის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა.
„NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ ალიანსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ბალტიიდან შავი ზღვის რეგიონამდე.
ძლიერი 2022 წლის შემდეგ, მოკავშირეები 2023 წელს განაგრძობენ თავიანთი მტკიცე და ურყევი ერთგულების დემონსტრირებას, რაც ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს“, - იუწყება NATO.
რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, მათ შორის მეტი გემის, თვითმფრინავის ყოფნით. მეტი ინფორმაციის გაზიარებით, ასევე, მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განთავსებით რუმინეთში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაძლიერდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, 40 000 ჯარისკაცით, რომლებიც NATO-ს მეთაურობის ქვეშ იმყოფებიან; ასევე, ასობით გემითა და თვითმფრინავით და 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ბალტიიდან შავ ზღვამდე.
2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცებული NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია აღიარებს, რომ შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაა არამხოლოდ NATO-ს სანაპირო ქვეყნებისთვის (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი), არამედ მთლიანად ალიანსისთვის. ეს NATO-ს ისტორიაში პირველად მოხდა.
„NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ორ სხვა ქვეყანასთან, ორ ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან და უკრაინასთან.
ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ეს გულისხმობს ევროატლანტიკური მისწრაფებების განგძრობად მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღუდგნენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მესამე მხარის მავნე ჩარევის წინააღმდეგ მედეგობა გაზარდონ“, - აცხადებს NATO.