ლატვია უკრაინას Stinger-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, კიდევ ერთხელ შესთავაზოს უკრაინას ამერიკული წარმოების Stinger-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები და შეიძლება, ამის შესახებ 20 იანვარს, რამშტაინის ფორმატში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე გამოაცხადოს.

„უკრაინის ფრონტის ხაზი რეალურად ჩვენი თავდაცვის ხაზია”, - განაცხადა მინისტრმა.

მურნიესმა ასევე განაცხადა, რომ ლატვია გააგრძელებს უკრაინაში იარაღის გაგზავნას და უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას.

„როდესაც უკრაინელ კოლეგებს ვხვდები, ყველაზე მეტ მადლობას სწორედ იმ Stinger-ებისთვის გვიხდიან, რომლებიც უკრაინაში (სრულმასშტაბიანი) ომის დაწყებამდე გავგზავნეთ“, - აღნიშნა მურნიეჩემ. 

მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ლატვიამ რიგიდან კიევში 10 ავტობუსი გაგზავნა.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.