რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საერთაშორისო დახმარების ფარგლებში პოლონეთი უკრაინას, გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.
ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ლვოვში, უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან „ლუბლინის სამკუთხედის“ ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ამ ბოლო დროს ჩვენ რეალურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ტანკები უკრაინისთვის, კოალიციის შემადგენლობის გადაწყვეტილების ფარგლებში იქნება მიწოდებული", - თქვა დუდამ ლვოვში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ასეთი საერთაშორისო კოალიციის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„თქვენ იცით, რომ უნდა მივიღოთ გარკვეული ოფიციალური შეთანხმებები. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო კოალიცია", - თქვა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ Leopard-ის ტიპის ტანკების პირველ პარტიას, უკრაინა, სხვა ტიპის ტანკებთან ერთად, კოალიციის ფარგლებში ძალიან მალე მიიღებს.
ამასთან დუდამ დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში უკვე მიღებულია.