მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან, დნიპროში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს

14 იანვარს უკრაინაში, ქალაქ დნიპეროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოსკოვში, უკრაინსკის ბულვარზე აღმართულ ლესია უკრაინკას ძეგლთან ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს.

ძეგლის კვარცხლბეკზე დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ფოტოც იყო განთავსებული.

სპონტანური მემორიალის სურათები გამოჩნდა დამოუკიდებელი რუსული მედიის ტელეგრამის არხებზე, მათ შორის „ხოლოდზე“.

14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

ლესია უკრაინკას ძეგლი 2006 წელს გაიხსნა უკრაინსკის ბულვარზე, რომელიც აკავშირებს სასტუმრო უკრაინასა და კიევსკის სადგურის მოედანს მოსკოვში.