Bloomberg: რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვის გზა იპოვა

რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის მიწოდების „ხვრელი“ იპოვა - სინგაპურში რუსულ ნედლეულს ურევენ სხვა მარკის ნავთობს და იქიდან რეექსპორტი მთელს მსოფლიოში ხდება.

ამის შესახებ Bloomberg წერს

სააგენტო განმარტავს, რომ სინგაპურის ხელისუფლებამ არ აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტები ვერ განახორციელებენ ფინანსურ ტრანზაქციებს რუსეთის ფედერაციის საწარმოებთან.

„ქვეყანაში ნავთობის შესანახ ავზებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. იმის გამო, რომ მომგებიანია რუსეთიდან იაფი ნედლეულის შერევა სხვა წყაროებიდან შესყიდულ ნავთობთან და განზავების დახმარებით შესაძლებელია საქონლის წარმოშობის დამალვა“, - წერსგამოცემა.

გადამზიდავი კომპანია Vortexa Ltd-ის მონაცემებით, სინგაპურის ტერმინალებმა 2022 წლის დეკემბერში ორჯერ მეტი ნავთობი შეისყიდეს ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. სინგაპურმა 2,6 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო, რაც 40-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. 

რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა.

Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის.

გამოცემა წერს, რომ რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა.

ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს.

რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე.