Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტერ ფიშერთან.
-
წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით
-
ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. NATO-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას მხარს ვუჭერთ
-
თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეს არის ის, რასაც საქართველოში ვაკვირდებით
-
2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის.
-
ევროკავშირის წევრობა სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია
-
რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ ისინი სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს
-
ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, მოიტანს ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს
ET: საქართველოსა და გერმანიას შორის დიალოგი 2018 წელს ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ჩამოყალიბებით გაღრმავდა, რომლის ფარგლებში იმართება სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის. გერმანიას სურს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს, პარალელურად, საფრანგეთის განცხადებით, უსაფრხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გერმანია-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე რას გვეტყოდით უფრო მეტს?
ელჩი ფიშერი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს.
ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი.
ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის.
ET: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ალბათ, ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
დიახ, მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა.
ET: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე და საფრთხეების გათვალისწინებით, NATO-მ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა. როგორია გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით?
ელჩი ფიშერი: ჩვენ NATO-ს წევრები ვართ და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალიანსი იღებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ. NATO პირველ რიგში თავდაცვითი ორგანიზაციაა და ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას (თანამშრომლობის გაძლიერებას, რედ.).
ET: საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს 50-მდე შეთანხმება, რომლებიც ასევე მოიცავს ინვესტიციების ხელშეწყობას, რა არის ის სფეროები, სადაც გერმანია ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს?
ელჩი ფიშერი: ყველა სფერო მნიშვნელოვანია, თუმცა ორ მიმართულებას გამოვყოფდი. ჩვენი შეთანხმების დიდი ნაწილი განვითარების სფეროში თანამშრომლობას ეხება, რის ფარგლებშიც გერმანია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების გარკვეული მიმართულებებით განვითარებას მხარს უჭერს.
თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა პროფესიული სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება. განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, მდგრადი ურბანული განვითარება.
თბილისსა და ბათუმში მდგრადი ურბანული განვითარების გეგმებისთვის, თითქმის 50 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამა გვაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის სექტემბერში გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კულტურის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც აქ გერმანული ინსტიტუტების სტატუსს განსაზღვრავს და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლას უწყობს ხელს. შედეგად, ქართველები სწავლობენ გერმანულს, შესაძლოა, ზოგიერთი გერმანელი სწავლობს ქართულს.
ახალგაზრდები მიდიან და ჩამოდიან სასწავლებლად, ერთმანეთის კულტურის შესახებ ბევრს სწავლობენ. არამხოლოდ ბიზნესსაქმიანობა, თავდაცვა, არამედ კულტურაა ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების ფარგლებში. ეს მომზადების საუკეთესო გზაა ორივე ჩვენგანისთვის. თქვენ სწავლობთ ჩვენ შესახებ, გვიახლოვდებით და ჩვენ ჩვენი მხრივ, თქვენ შესახებ ვსწავლობთ ბევრს.
ET: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის ტემპს როგორ აფასებთ?
ელჩი ფიშერი: დადებითად ვაფასებ. მით უფრო, თუ შორი პერსპექტივიდან შეხედავთ, ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და 1992 წელს უცხო ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ბევრს მიაღწია. მოგეხსენებათ, გერმანია, პირველი იყო, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამ პერიოდში საქართველო ფუნდამენტურად შეიცვალა, ბევრი რეფორმა გატარდა, რამაც ხელი შეუწყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამრიგად, თუ საერთო სურათს განვიხილავთ, დიდ პროგრესს, მიმართულებას, ქართველების მისწრაფებას ვხედავ...
არასდროს მინახავს ქართველი, რომელიც იტყოდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ სურს. შეიძლება, არსებობებს ვინმე, თუმცა მე ჯერ არ შევხვედრივარ. წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა. რა მოლოდინები აქვს გერმანიას?
ელჩი ფიშერი: 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი გვაქვს. 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული შესაძლებლობა. გერმანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რომ ევროკავშირის ნაწილია. ეს ჩვენი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია.
ევროკავშირის ყველა შემდგომი გაფართოება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საქართველოს სურს, შემოგვიერთდეს, შესაძლებლობები კი, ახლა თქვენს ხელშია. ქვეყანას, რომელსაც გაწევრიანება სურს, ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებს უნდა იზიარებდეს. 12 რეკომენდაციის მთავარი სულისკვეთებაა, აჩვენოთ, რომ ამ მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებთ.
ფუნდამენტურია და მთავარი მიზანია, რომ იყოთ მდგრადი, პლურალისტური დემოკრატია, რომელიც არის ძლიერი. პლურალისტური კი, ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, თითოეული ინდივიდი სარგებლობს უფლებით და შეუძლია ამ უფლების გამოხატვა, მონაწილეობს დემოკრატიის ფუნქციონირებაში და შეუძლია, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს..
ამრიგად, 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ.
კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს.
თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით.
ET: გერმანიის კანცლერმა ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. არ უხსენებია საქართველო, თუმცა მიუთითა მოლოდინზე, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სასანქციო და სავიზო პოლიტიკას შეუერთდებიან. საქართველოს შემდგომ მიდგომებს როგორ აფასებთ ამ კუთხით?
ელჩი ფიშერი: გერმანიის კანცლერმა გასულ წელს, მნიშვნელოვანი გამოსვლის დროს ისაუბრა საქათველოზე. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვიდან თბილისამდე უნდა ისმოდეს; რომ უნდა ვიყოთ ერთად და მომავლის გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ.
ეს მნიშვნელოვანი და სიმბოლური გზავნილი იყო. გასულ წელს, გერმანიის კანცლერი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი მის მიერ შემუშავებულ სანქციებზე თანხმდება. კანონმდებლობის დონეზე მის მიღებას სხვა ქვეყნებს არ ვთხოვთ. საქართველოზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა სანქციებს.
რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის სანქციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან სხვა სანქცირებული ქვეყნები ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ სხვა გზები იპოვონ.
ET: საქართველოში ამ კუთხით პრობლემას ხედავთ?
ელჩი ფიშერი: მე ვიტყოდი, რომ დიდი გამოწვევას ვერ ვხედავ. საქართველო სანქციების თავიდან აცილების პრევენციისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს.
ET: ალბათ უფრო გაიზრდება საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
დიახ, რადგან რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... მოდით, სრულიად განსხვავებულ მაგალითს მოგიყვანთ - ვთქვათ, მე მინდა, ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ დავეთახმები ეკონომიკურ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მასთან ძლიერი კავშირები მაქვს და მინდა, რომ ეს კავშირები შევინარჩუნო. ასეთ დროს კი, საკმაოდ რთული იქნება, შეუერთდე ევროკავშირს.
ET: ევროკავშირი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის?
ელჩი ფიშერი: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის.
შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ.
თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს.
ET: ბოლო პერიოდში გააქტიურდა ანაკლიის პორტის საკითხი. ბევრი ითქვა სხვადასხვა ქვეყნის კომპანიის მხრიდან ინვესტირების პოტენციალზე. ამერიკულ ინვესტიციებთან ერთად, გერმანული კომპანიების მხრიდან ინვესტირების შესაძლებლობაზეც მიუთითეს. როგორ გესახებათ ეს პერსპექტივა და როგორ უყურებს გერმანია ამ პროექტის განხორციელების პერსპექტივას და მნიშვნელობას?
ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში..
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს.
ET: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები?
ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა.
ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში.
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან.
რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა.
მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი.
ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს.
ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ.
ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია.
თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ.