პაკისტანისა და რუსეთის დელეგაციებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს.
კერძოდ, საუბარია პაკისტანისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდების საკითხზე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რუსეთ-პაკისტანის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში.
მოლაპარაკებებზე პაკისტანს წარმოადგენს ნავთობის მრეწველობის საკითხებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მუსადიქ მასუდ მალიკი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენს ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. მხარეებმა განიხილეს გაზსადენის პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმება პაკისტანში.
დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ხვალ დასრულდება, ორ ქვეყანას შორის ოქმის ხელმოწერაა მოსალოდნელი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დღეს ლაჰორში მინისტრი შულგინოვი მიიღო. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს აზრები „პაკისტანის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაზსადენის მშენებლობა იგეგმება სამხრეთ პაკისტანში ყარაჩისა და გვადარის პორტებში. დაგეგმილია LNG-ის მიმღები ტერმინალების დაკავშირება ქვეყნის ჩრდილოეთით კასურის რაიონში მდებარე ელექტროსადგურებთან. გაზსადენის სიგრძე დაახლოებით 1,1 ათასი კმ იქნება. გამტარუნარიანობა 12.3 bcm მ წელიწადში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „პაკისტანის ნაკადის“ მშენებლობაზე 2015 წელს. მშენებლობა გადაიდო, მათ შორის რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.
2021 წლის მაისში ნიკოლაი შულგინოვმა და პაკისტანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში შაფკატ ალი ხანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ცვლის შეთანხმებას გაზსადენის პროექტის განხორციელების შესახებ.
მოგვიანებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფს შორის 2022 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.