ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის.
ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.
ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
„ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში..
ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში.
რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.
კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.
„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
- ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
- ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
- ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
- პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.