კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მუდმივად აფართოებს უკრაინისთვის მისაწოდებული იარაღის ჩამონათვალს და ყოველთვის კოორდინაციაშია უახლოეს პარტნიორებთან. ამის ერთ-ერთ მაგალითად, კანცლერმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება მოიყვანა.
შოლცს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ ჰკითხეს. კანცლერის თქმით, უკრაინას იარაღი დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიეწოდება. „ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ”, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
„ჩვენ უნდა ვუპასუხოთ აგრესიას მათ შორის იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პარიზში, გერმანია-საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში, ლიდერების გარდა, თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და სებასტიენ ლეკორნუმ უკრაინის იარაღით მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ.
„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა.
თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”.
მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია.
„ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა.
მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად.
შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს.
უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.